"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ამოცანებისათვის დღევანდელი ამბით არაფერი იცვლება.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღების შემთხვევაშიც კი, ივანიშვლის რეჟიმის პირობებში ჩვენ, რეალურად კი არ ვუახლოვდებით, არამედ ვშორდებით ევროპას, დასავლეთს.

„არცერთი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს, რომ კანდიდატის სტატუსის გამო ვითარება ნაკლებ საგანგაშოა ვიდრე აქამდე იყო.

ივანიშვილის რეჟიმის გადარჩევამდე დასავლეთისგან სრული იზოლაციის საფრთხე მხოლოდ გაიზრდება და ამას დღეს მიღებული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი - პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა და ლელო, სამოქალაქო ორგანიზაციების არაერთი ლიდერი, რომლებიც ლაივში ელოდებიან ზარ-ზეიმით ევროკომისიის გადაწყვეტილებას (რომელიც უკვე დღეებია, რეალურად, ყველასთვის ცნობილია) ან თავს იტყუებენ ან თვალთმაქცობენ და მოქალაქეებს ატყუებენ“ - თქვა გიგა ბოკერიამ

მისივე თქმით, სინამდვილეში, ჩვენი ამოცანა უცვლელია - პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა პროდასავლური ანუ პროქართული, არაპოპულისტურ-შავრაზმული მთავრობით და ამ ქვეყნის რეალური შემობრუნება დასავლეთში ინტეგრაციისა და თავისუფალი სამყაროს წიაღში დაბრუნებისკენ.

„დღეს ილია ჭავჭაძის დაბადების დღეა და როგორც ყველაფერში, აქაც მისი სიტყვები საუკეთესოდ ეხმიანება დღევანდელობას.

ტკბილი სიტყვა რა არისო! იტყოდა ხოლმე:

“ამ გამწარებულს წუთი-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანსო. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა!

ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება” - ოთარაანთ ქვრივი“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა