მარტო ერთი კანონის გაჩერება არ არის საკმარისი, ეს ხელისუფლება შეუთავსებელია ჩვენს პროდასავლურ მომავალთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ის ხალხი, ვინც მარტის მოვლენების დროს იყო შეკრებილი პარლამენტთან, იქ მისული იყო იმისთვის რომ სიგნალი გაეშვათ ხელისუფლებისთვის - თქვენ ახლა რაღაცას ძალიან ცუდს აკეთებთ, მაგრამ მათი საგრძნობი ნაწილი არ იყო განწყობილი პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად, რომ ეს ხელისუფლება წასულიყო. ჩვენ ვინც ვთლით, რომ ეს კარგი ხალხი დავარწმუნოთ იმაში, რომ მარტო ერთი კანონის გაჩერება არ არის საკმარისი, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, მათ ხომ უნდა ვანახოთ, რომ ის კანონი რომ გაიწვიეს, რამე კი არ შეიცვალა. როდესაც პროპაგანდის ნიაღვარს უპირისპირდები, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს იყოს ურთიერთსაპირისპირო, ჩვენ ეგ ფუფუნება არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიოები, როგორც იმ კანონთან დაკავშირებით ვიყავით ყველა. ერთი გზავნილი იყო ჩვენიც, ჩვენი პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პარტიების, რომ ეს კანონი შეუთავსებელია დასავლურ მომავალთან. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ ფრაზის გადაკეთება - ეს ხელისუფლება არის შეუთავსებელი ჩვენს პროდასავლურ მომავალთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.