„ამ ბოდვითი განცხადებების არანაირ დეტალურ განხილვაში არ უნდა შევიდეთ. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს რეჟიმი ეწევა ამ პროპაგანდას, რომ ყველა საკითხიდან უნდა მივიდნენ ომის საფრთხემდე, რათა ადამიანთა ნაწილი მაინც შეიყვანონ შეცდომაში, დააბნიონ, თითქოს როგორ ცუდებიც არ უნდა იყვნენ, ამ საფრთხისგან საქართველოს გადაარჩენენ."- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნებიდან გამოყოფილი ნაწილის, პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებას.
"სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით, რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია აშშ-სთან, დასავლეთთან, არ ზრუნავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, მან როგორ უნდა დაიცვას ქვეყანა, პირიქით ის წარმოადგენს საფრთხეს.
ყველა ეს ნაბიჯი და განცხადება არის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელი, რუსეთისგან სამხედრო აგრესიის საფრთხის გამზრდელი ან ჩვენი სახელმწიფროობის დაკარგვის საფრთხის გამზრდელი. ეს რეჟიმი არის საფრთხე, ყველა ასეთი განცხადება ამას გვახსენებს და ასე უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.