ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთისგან იზოლაციაში გვტოვებს რუსეთის პირისპირ და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრივობისთვის. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.
"ნათელია რომ, ღარიბაშვილის და სუსის განცხადება და პროპაგანდა კვლავ დასავლეთის დემონიზებას, არეულობის და რაც მთავარია, “მეორე ფრონტის” შიშის გაღვივებას ემსახურება.
საზოგადოებამ ცალკე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუ ვისთან აიგივებს თავს ივანიშვილის რეჟიმი.
პრორუსული დიქტატორი მილოშევიჩი, რომელმაც არჩევნებში აშკარა მარცხი არ აღიარა და სწორედ ამიტომ, სახალხო გამოსვლების შედეგად მოუწია ძალაუფლების დათმობა. ზეკორუმპირებული და რუსეთის მიერ ინფულტრირებული შევარდნაძის რეჟიმი, რომელმაც ასევე არ დათმო ძალაუფლება არჩევნებში კატასტროფული მარცხის შემდეგ და სწორედ ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია და სულ ბოლოს, იანუკოვიჩის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც უკრაინელმა ხალხმა უდიდესი უმრავლესობით დაამხო მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირებაზე, უვიზო მიმოსვლაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე. ანუ ღიად გამოაცხადა, რომ უარს ამბობს დასავლურ ინტეგრაციაზე და ღიად დაფიქსირდა პუტინის ვასალად, რითაც უკრაინის დამოუკიდებლობა უარყო.
ივანიშვილის რეჟიმი დასავლეთისგან იზოლაციაში გვტოვებს რუსეთის პირისპირ და საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის" - წერს გიგა ბოკერია.