ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ეხმიანება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას და აღნიშნავს, რომ ის ამ ტრიბუნას საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წინ წასაწევად კი არ იყენებს, არამედ "იქიდანაც ეწევა პროპაგანდას ომის შიშზე მავნებლური სიცრუით".
ბოკერიას თქმით, ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნა ისევ ქართული საზოგადოების მოსატყუებლად გამოიყენა.
"ღარიბაშვილივით როცა ლაპარაკობ და იქცევი, პირიქით ხდება, მტერს აძლიერებ და საფრთხეს გვიზრდი. ამ ტრიბუნასაც იმისთვის კი არ იყენებდა, რომ თავისუფალი სამყაროსთვის ეთქვა, რატომ არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება და დაცვა და რუსეთთან მეტი და მტკიცე დაპირისპირება აუცილებელი მათთვის, არამარტო ჩვენთვის. არა, ისევ ქართული საზოგადოების მოსატყუებლად იყენებდა ამ რეჟიმის ეს სამარცხვინო წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად, ყოველდღე ჩვენს იზოლაციას ზრდის და ამით საფრთხეს გვიზრდის ჩვენი მტრისგან".- ამბობს გიგა ბოკერია.