აქ არ არის ლაპარაკი თემურ ალასანიაზე. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ თემურ ალასანიას განცხადების შეფასებისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოსაზრებით, ამ „სკანდალური განცხადების“ ადრესატები არიან ისინი, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
„უკრაინის მხარდაჭერა ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოიხატება იმაშიც, რომ შეაშველონ მას კიდევ ერთი, დამატებითი ფრონტი. ამაზე უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი. კი, [ალასანია] ჭკუის დამრიგებელიც არის, შეიძლება ტონის მიმცემიც არის, მაგრამ ეს არ არის ტონის მიცემისთვის გაკეთებული განცხადება. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული პოზიცია, რომ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა გულისხმობს იმას, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება“. იმაზე ხომ არ არის მართლა ლაპარაკი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და აფხაზებს, რომლებიც ცოტანი არიან დარჩენილი ტერიტორიაზე, შიშის ზარი დასცეს? საუბარია იმაზე, რომ გალაშქრება გამოიწვევს რუსეთისთვის დამატებითი პრობლემის შექმნას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს.