ყველასთვის მისაღებია საქართველოს როლი, რამდენადაც ის სტაბილურობასაც ინარჩუნებს და თავისი მეზობლების მიმართ დამოკიდებულება პრაგმატული მოსაზრებებით არის განპირობებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აგანცხადა.
გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „გუშინ სამმხრივი შეხვედრები გავმართეთ, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი შუამავალი, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობარი, დაინტერესებულია, რეგიონში დამყარდეს მშვიდობა“.
გია ვოლსკის თქმით, ბევრი ასპექტი არსებობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იყოს ნდობა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ დიდი ქვეყნების მიერ ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, თუ გარკვეული დაპირისპირებები მსოფლიო მასშტაბზე გადის და ამ დაპირისპირებებიდან გამოსვლის გზებზეა საუბარი. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაშია, ნოემბერში სი ძინ პინი აპირებს ბაიდენთან შეხვედრას. ამ ვითარებაში მთლიანად ყველას აწყობს საქართველოს როლი, რომელიც ყველასთვის მისაღებია იმდენად, რამდენადაც სტაბილურობასაც ინარჩუნებს და თავისი მეზობლების მიმართ დამოკიდებულება პრაგმატული მოსაზრებებით არის განპირობებული.
ბევრი ასპექტი არსებობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ იყოს ნდობა. გარდა ამისა, მისი პიროვნული თვისებები, ადამიანური დამოკიდებულება, პოლიტიკური მდგრადობა, მისი ხელმძღვანელობით ეკონომიკური ზრდის განვითარება, საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და სისხლისღვრისგან ქვეყნის გადარჩენა – ამ საკითხების ერთობლიობამ გადაწყვიტა, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს გარკვეულ შუა რგოლს აზერბაიჯანელებისა და სომხების ლიდერებს შორის, რომლებიც გუშინ სისხლისმღვრელ ომში იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ჩვენი ქვეყნის უდიდესი ინტერესია, სამეზობლოში კიდევ ერთი ცეცხლი არ აინთოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.