არ მგონია, ადეკვატური ფსიქიკის ადამიანის მსჯელობას ვისმენდეთ. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო იმ სცენარში მისი გვარი არ ეწერა, რომელიც რუსთაველის გამზირზე უნდა განვითარებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რითაც ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც იგი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

მისი თქმით, რევოლუციურმა პროცესმა განვითარება როცა ვერ ჰპოვა, ზოდელავა, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა წინა ფლანგზე გამოჩნდნენ და თქვეს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში იღებდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

„ბანერების გამო ადამიანებს დაუპირისპირდნენ, ეჩხუბნენ და მიტინგებიდან გააგდეს, რადგან სააკაშვილის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, რომ სისტემურ დანაშაულებს ჩადიოდა. ბოლო მომენტში, როცა ამ რევოლუციურმა პროცესმა განვითარება ვერ ჰპოვა, ზოდელავა, ხაბეიშვილი, ბოკუჩავა წინა ფლანგზე გამოჩნდნენ და თქვეს, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ ხელში იღებდნენ და შეტევაზე გადავიდნენ. ეს შეტევა ჩაიშალა და სააკაშვილი ისეთ ფაქტორებს იგონებს, რაც წინაპირობა უნდა გახდეს მისი პიროვნების ხელახლა წამოწევის, თითქოს კონსპირაციული შეთანხმებები ხდება. არც ამერიკაში და არც ბრიუსელში არანაირი გავლენა რაიმე სიტყვას, ვინმესგან ნათქვამს არ აქვს. ცივსისხლიანი გათვლები აქვთ დასავლეთსაც, რუსეთსაც, რომელიც ოკუპანტია, და ევროკავშირსაც. ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და არა იმ ვითარებაში, როცა პალიკოს ან გილაურს შეუძლიათ, რაიმე გავლენა მოახდინონ მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობაზე. არაჟნის კონტეინერით შემოპარული ადამიანის მცდელობაა, რომ როგორმე წინა პლანზე „ნაცმოძრაობა“ გამოვიდეს, ოღონდ მისი მეთაურობით და არა – ლევან ხაბეიშვილის ან ზოდელავასი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.

ცნობისთვის: „ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.