რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, თუ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში დაინიცირებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„მე ძალიან არ მიყვარს, მეზიზღება ორმაგი ბუღალტერია. სახელმწიფოს საკითხებში ორმაგი ბუღალტერია არის სახელმწიფოს განადგურების, დაშლის, მოსპობის წინაპირობა. რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, თუ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს. თუ შეიძლება საფრანგეთში, სლოვაკეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, სხვაგან - ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში, ის შესაძლებელი უნდა იყოს კანდიდატ ქვეყანაში მისი მოქალაქეებისთვის. ორმაგი ბუღალტერია არის დამღუპველი. რაც შეიძლება სხვისთვის, ის შესაძლებელია ჩემთვის - ეს უნდა გაიგოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ძვირფასმა პარტნიორებმა და იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ამ ქვეყანაში ხატად გადაქცეული ჰყავთ არა საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია, არამედ სააკაშვილი. ასე არ გამოვა - უნდა ჩამოყალიბდნენ, რა ურჩევნიათ: ქვეყანა თავისი პოლიტიკური პარტიებით, თუ ერთი ვიგინდარა კრიმინალი ადამიანი, რომელმაც სული ამოხადა ამ ქვეყანას, ახლა კი არის პატიმარი და იხდის სასჯელს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.