ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ადვოკატ პაატა დიასამიძის განცხადებით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალებს სრულად არ გაცნობია.
„პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს ეს მუხლი და შემდგომ უკვე უნდა წარადგინონ შუამდგომლობა სასამართლოში, სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ახლა გადმოგვეცა საქმის მასალები და ჯერ სრულად არ გავცნობივართ. როცა გავეცნობით, შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია დაცვის მხარეს. ბრალის გაცნობას ქალბატონი მზიაც ესწრებოდა ადვოკატებთან ერთად. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. როცა გავეცნობით საქმის მასალებს, ვნახავთ, რა იქნება საქმის ამასალებში, მათ შორის წარმოგვიდგინეს ვიდეოჩანაწერები დისკების სახით და მოწმეთა ჩვენებები“, – განაცხადა ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ.
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.