ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი თუ გამოცდა, რაც ღმერთმა საქართველოს მოუვლინა. შეგიძლიათ ეს რელიგიურად გაიგოთ თუ სეკულარულად: რეალობა ორივე შემთხვევაში ერთია. - ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
"ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ დაადასტურა, რაზეც ეჭვი დიდი ხანია მქონდა - რომ ამ კაცს მართლა სჯერა იმისა, რასაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ლაპარაკობს. ეს ადამიანი ბოდვაშია, მას რეალობაზე ადექვატური წარმოდგენა არა აქვს.
ეს არაადექვატურობა, პარანოიის და განდიდების მანიის ნიშნები გამოჩნდა მის პირველსავე წერილში, რითაც ის 2011 წლის 11 ოქტომბერს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. რეკომენდაციას გიწევთ, ის წერილი დღევანდელი თვალით გადაიკითხოთ.
არ უნდა შეგვეშალოს: ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გიჟი იყოს, მაგრამ ის სულელი არ არის. მისი სამყაროს ზოგადი სურათი არსებითად ბოდვითია, მაგრამ ის საკმარისად ეშმაკი და გამჭრიახია, რომ, სამყაროს ამ ხედვის ფარგლებში, თავისი კონკრეტული მიზნების მისაღწევად ეფექტიანი სტრატეგიები მოიფიქროს და დიდი მოთმინებით გაატაროს. მას ადამიანებით მანიპულაციის ბუნებრივი ნიჭი აქვს. ესეც კარგად დავინახეთ ამ თორმეტნახევარი წლის მანძილზე (2011-ის ოქტომბრიდან ვანგარიშობ).
ეს კომბინაცია მას ძალიან სახიფათო ადამიანად აქცევს. გავიმეორებ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან შედარებით მალე აქ დავწერე: ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი თუ გამოცდა, რაც ღმერთმა საქართველოს მოუვლინა. შეგიძლიათ ეს რელიგიურად გაიგოთ თუ სეკულარულად: რეალობა ორივე შემთხვევაში ერთია." - წერს გია ნოდია.