ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს განასახიერებს საუკუნეების განმავლობაში და არა ის წარმოდგენები, რომლებიც ხანდახან ფაქტებს ჩაანაცვლებენ ხოლმე. ჩვენი შეშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოიწვია, რომ ჩვენი არხის ჟურნალისტების მიმართ იყო გამოჩენილი ასეთი ძალადობრივი ამბები. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნიდით ამ ტექსტს და ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პირველი არხის ჟურნალისტებს ასე მოექცნენ ან პირველ არხს ასე დაემუქროს ვინმე, ვინც გნებავთ, ის“, – განაცხადა გია მურღულიამ.
მისი თქმით, პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია.
„რა გინდა შენ, ამას რომ აკეთებ? ამას მარტივი პასუხი აქვს. ესე იგი, შენ გინდა, არ ითქვას სიმართლე, რომელსაც ის ამბობს. ამაზე ბევრი კამათი არ დაიწყოს ახლა არავინ, რომ პირველი არხი მიუკერძოებელია, ეს მიუკერძოებლობა არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა და ასევე არაერთმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ესე იგი, შენ გინდა, ეს სიმართლე არ მივიდეს ადამიანებთან და შენ გინდა, საზოგადოებას თავს მოახვიო შენი აღქმები და არა სიმართლე, რომელიც არის სასარგებლო ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, სრულ სოლიდარობას უცხადებს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, რომლებიც ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.
კითხვაზე, – გვაქვს თუ არა საქმე ორმაგ სტანდარტთან, როცა მუდმივი თავდასხმა ხდება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც მათთვის სასურველ კითხვებს არ სვამენ, მათი ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, უფლებადამცველები ამ დრომდე დუმან, რაც ახალი არ არის, რადგან როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ნინო ლომჯარიას, როცა ის სახალხო დამცველი იყო, ის ამბობდა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება იყო, – გია მურღულიამ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან.
„ჩვენ, ყველამ ერთად, ქართული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის იოლი გასეირნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ამ გზაზე ჩვენ ძალიან სერიოზულ ნაღმებს გვიდებენ და ამას სისტემური ხასიათი აქვს. ეს სისტემა გულისხმობს ორმაგ სტანდარტებსაც და იმასაც, რომ შეიძლება, რისი პრეცედენტიც მრავლად არის დასავლეთის თუ აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენთან აკრძალული იყოს. ჩვენ შეიძლება, მავანი გვიყურებს, როგორ მეორეხარისხოვან ხალხს, საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვუყურებთ საკუთარ თავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საითაც მივდივართ, ევროპისკენ, ევროპული კულტურული არჩევანი ჩვენი უპირობო არჩევანია, რადგან ჩვენ არა მხოლოდ ამ გზაზე ვდგავართ, არამედ ამ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი და შემქმნელი ხალხიც ვართ. ჩვენ გვიკვირს, როდესაც ადამიანი უტიფრად იტყუება, სახეში გიყურებს და აშკარად ლაპარაკობს ან სისულელეს, ან იმას, რაც არის ავად მოტივირებული. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს სისტემასთან, ოღონდ ამ სისტემას რა უნდა საქართველოსგან და ქართული საზოგადოებისგან, როგორი სახეცვლილება უნდა ჩვენი და რა გზით აპირებს ამას, ეს არის მთავარი კითხვები“, – განაცხადა გია მურღულიამ.