„ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკის დენდროპარკია, ეს ადამიანები სინამდვილეში მცენარეები არიან, რომელთაც ბიძინა წყალს უსხამს სანამ იფურჩქნებიან და გულს უხარებენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „მთავარის“ ეთერში ისაუბრა.
„ბიძინამ კარგად იცის, პატარა ადამიანების მართვა როგორ უნდა. საერთოდ, ადამიანი მისთვის არ არსებობს, ყველა არის რესურსი. ხეები რატომ უყვარს იცით? - ამოთხრის სხვაგან ჩარგავს, ხე ხომ არ ეკამათება. მან „ქართული ოცნებისგან“ შექმნა დენდროპარკი. ეს ადამიანები სინამდვილეში მცენარეები არიან, რომელთაც ბიძინა ჩარგავს, წყალს უსხამს სანამ იფურჩქნება და გულს უხარებს. როგორც კი ნაყოფს არ გამოიღებს, ამოთხრის. „ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკის დენდროპარკია, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ხე რომელ სექტორში იქნება, ამათ არც სახელები და გვარები არ აქვთ, პიროვნული ნება არ არსებობს. ბიძინამ უთხრა დააჭირე, დააჭირეს, რა პრობლემაა, სამაგიეროდ, ბიძინამ მერე წყალი დაუსხა. ირაკლი ღარიბაშვილს ასე უსხამს უკვე რამდენი ხანია. დასჭირდება, გადააგდო ნაგვის ყუთში, მერე დასჭირდა ამოღება, ამოიღო, დაფერთხა, ისევ დასვა, ახლა გასწია, მერე ისევ შემოწევს. „ქართული ოცნების“ სხვა წევრები გარეთ ჰყავს დარგული, ღარიბაშვილი კი ოთახის მცენარეა, ფანჯრის რაფაზე უდევს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.