პრეზიდენტის სტატუსი პირდაპირ მორგებულია ივანიშვილზე, სახელმწიფო მეთაური იქნება, ჩრდილოვან მმართველობაზე ვერავინ ილაპარაკებს და შეიძენს პოლიტიკურ იმუნიტეტს სანქციებთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ივანიშვილისთვის უკეთესი იქნება [პრეზიდენტის სტატუსი], საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან რომ მას სჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი ერთგვარი, რომ თავი დაიცვას, მას ხომ ეს ამოცანა აქვს დღეს, სახელმწიფოებრივი ამოცანები მას დიდი ხანია არ აქვს, ხელი აქვს ამ ქვეყანაზე ჩაქნეული, გაბოროტებულიც არის, შურისძიების რეჟიმშია გადასული მგონი, რომ რაც შეიძლება მეტის დანგრევა მოასწროს, სანამ არის. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური იმუნიტეტი მისთვის არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად, პრეზიდენტობის თემა შეიძლება იყოს განხილული, თვითონ სტატუსი არის მისთვის კომფორტული. მას პოლიტიკური მენეჯმენტი არ უყვარს, პრემიერობა ეზიზღება, არ უყვარს, არც მაშინ უნდოდა, როცა იყო, იმიტომ რომ ყოველდღიური სამუშაოა, კაბინეტში უნდა იჯდეს და მას უყვარს ხეები - იქ ამოთხარე, იქით გადარგე, მორწყე, ასეთი რაღაცები უყვარს და ტელეფონით გადაწყვეტს ყველა თემას, რაც თვითონ უნდა და ყველა ჰყავდეს აბსოლუტურ მორჩილებაში. ეს არის მისი მმართველობითი სტილი და პრეზიდენტის სტატუსი პირდაპირ მორგებულია მასზე, სახელმწიფო მეთაური იქნება, ინსტიტუციონალიზებული იქნება, ჩრდილოვან მმართველობაზე ვერავინ ილაპარაკებს და შეიძენს პოლიტიკურ იმუნიტეტს სანქციებთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.