როგორ უნდა მოიგოთ პრეზიდენტის გარეშე არჩევნები? პრეზიდენტს უნდა ეფეროთ ახლა, რომ ჩაგიბათ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ მარტო ვაგონები, არც რელსებზე დგახართ, A პუნქტიდან B პუნქტში ვერ მიდიხართ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიცია და „ერთიანობის დეკლარაციაზე“ საუბრისას განაცხადა.
„მორალური სიცხადე, რაც შემოსულია ქართულ პოლიტიკაში, მოსახლეობამდე უნდა მიიტანონ. ისე კი არ მიიტანონ, რომ ტელეეკრანებიდან სიბრძნეები აფრქვიონ, ყველა სოფელში უნდა ჩავიდნენ. საკუთარი აქტივის თანდასწრებით რომ დადიან და სურათებს იღებენ მათთან ერთად, ეს არ არის პოლიტიკური მუშაობა, ჩვეულებრივ ადამიანებს უნდა ელაპარაკონ. ისინი უნდა ემუშაონ თუნდაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, უნდა იპოვონ მათთან მისასვლელი გზები.
ხელი მოაწერეს „ერთიანობის დეკლარაციას“. წარმოუდგენელი რაღაცაა, პირდაპირ გეტყვით. „ქართული ქარტია“ ფუნდამენტური, ისტორიული დოკუმენტია, სახელმწიფო მეთაურის გარანტიის ქვეშ შექმნილი დოკუმენტია. ახლა ადგნენ და მის ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს. რა უნდათ, რისთვის მოაწერეს ხელი იციან? სხვათა შორის იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო თავდაუსხმელობის შესახებ, მაგრამ გამოვარდა მეორე დღესვე ერთ-ერთ პოლიტიკოსი და ერთ-ერთი პარტნიორი პარტია გამოლანძღა ბოლო სიტყვებით. რა ფასი აქვს ამას? ამას ხომ უყურებენ ისინი, ვინც ხმა უნდა მოგცეთ? კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით. რა დეკლარაციები აუტყდათ? ერთადერთი ორთქლმავალი გყავთ. როგორ უნდა მოიგოთ პრეზიდენტის გარეშე არჩევნები? პრეზიდენტს უნდა ეფეროთ ახლა, რომ ჩაგიბათ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ მარტო ვაგონები, არც რელსებზე დგახართ, A პუნქტიდან B პუნქტში ვერ მიდიხართ. ერთადერთი ადამიანია პრეზიდენტი, ვისაც შეუძლია ეს ვაგონები ჩაიბას როგორც ორთქლმავალმა და გაიყვანოს ეს ქვეყანა სამშვიდობოზე. ესენი ეკონკურენტებიან და რატომ? არ უნდა იმ ქალს, საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.