"კარგად ვარ, მაგრამ უკეთესადაც ვყოფილვარ, უფრო უკეთესად ვიქნები. ყველგან მაქვს დაზიანება, ტვინის შერყევა მაქვს. დაჟეჟილობა ბევრ ადგილას და ტვინის შერყევა, ეს არის ჯერჯერობით რაც მაქვს. არაფერი, ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის, ეგ არ არის პრობლემა, ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, ეს იყო რაღაც ლაჩრული ჩასაფრებით, რასაკვირველია ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამის არ გვეშინია, ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს. - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმამ, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარმა გია ჯაფარიძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.
"მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაშინაც აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა და ახლა არ მგონია, რომ ამ სერგო ორჯონიკიძეების და მამია ორახელაშვილების და ფილიპე მახარაძეების ამ ჩინურმა ვერსიამ შეგვაშინოს, არაფერი, ბრძოლა გრძელდება, უნდა ვიყოთ მტკიცე, დაუღლელები, ეს მცდელობები არის დაშინების მცდელობა მაგრამ გარწმუნებთ, ვერ შეგვაშინებენ, უნდა ვიყოთ მეტნი შემდეგ აქციებზე, იმის შემდეგ აქციებზე კიდევ უფრო მეტნი, ეს რუსული კანონი არ უნდა გავატანინოთ რაც იქნება ამ რუსული რეჟიმის დასასრული, ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიმიტრი ჩიქოვანისა და გია ჯაფარიძის თავდასხმის ფაქტზებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.