„მინდა პირველ რიგში ყველას მოგესალმოთ, ჩემთვის პრივილეგიაა და პატივი, რომ ვიდგე თქვენს წინაშე. მინდა მივესალმო იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან, მინდა პირველ რიგში მივესალმო ჩემს სტუდენტებს და ჩემს მოსწავლეებს, მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში ან დაიჭირეს იხდის სასჯელს, ან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი გახდა, მინდა ამ ადამიანებს გამოვუცხადო სოლიდარობა. სოლიდარობა მათ, ვინც გარეთ არიან და სოლიდარობა მათ, ვინც ავტორიტარიზმთან ბრძოლის გამო ციხეებში იხდიან სასჯელს. -  ამის შესახებ გია ჯაფარიძემ , „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წარდგენაზე განაცხადა. 

"მინდა მადლობა ვუხადო ყველას და პირველ რიგში თქვენ გადაგიხადოთ მადლობა აქ მოსვლისთვის და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, თინა ბოკუჩავას, გიორგი ვაშაძეს. მათგან მოდიოდა ის ინიციატივა, რომ მე დღეს ვყოფილიყავი ამ ერთიანობის წევრი, მეც გავერთიანებულიყავი ამ ერთიანობაში, სადაც ყველანი ვართ ერთად.

მე მქონდა ათწლიანი დიპლომატიური კარიერა, მაქვს ძალიან კარგი ათწლიანი კარიერა აკადემიაში, არაფერი მირჩევნია  ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გამოვიდე ამ კომფორტის ზონიდან და ჩავერთო იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც არიან ჩემი  მეგობრები, თანამოაზრეები, რომელშიც ხართ თქვენც.

„საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენ ან გადავრჩებით, ან დავკარგავთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან გავხდებით მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების, სამართლიანობის, სოციალური დაცულობის სივრცის ნაწილი, ან ჩვენ ვერ ვიქნებით. როდესაც ჩემს ქვეყანას უდგას ასეთი არჩევანი, რთული იყო დავრჩენილიყავი სახლში. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, შეიძლება გამოადგეს ჩემს ქვეყანას.

მგონია, რომ დღეს ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. აქედან მინდა მოვუწოდო ყველას: სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობას, პოლიტიკურ პარტიებს, ახლა არის დრო ერთიანობის. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენ ერთიანობა გადაგვარჩენს. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, რწმენა გამარჯვების. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მახარეს არის სიმართლე და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა იმიტომ, რომ ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს. ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები წყვეტს, საქართველო დარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა თუ არ დარჩება. ასეთი ისტორიული მომენტის დროს ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენ ვერთიანდებით იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ გაიმარჯვო საქართველომ. ჩვენი გამარჯვება არ იქნება არავის დამარცხება, ჩვენი გამარჯვება იქნება მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.“- განაცხადა გია ჯაფარიძემ.