ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო ისტორიაში პირველი ფეიკკანონპროექტი მოამზადა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან გოცირიძემ განაცხადა, მეათე მოწვევის პარლამენტში 27-ე კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ტროლი, რაც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს.
მისი განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს – სინდისის, ნამუსისა და ზნეობის პოლიციის შექმნას. ასევე მთავრობის სტრუქტურაში ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის კორპუსის შექმნას, რომელიც მამა-პაპურ ადათ-წესებს დაიცავს.
„გლობალიზაციამ ზნეობა შეარყია. უზნეობიდან გააზრებულ ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია. ქვეყანა საზოგადოების გადაგვარებისგან უნდა დავიცვათ. ოჯახის სიწმინდე ქვეყნის სიწმინდეა. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდში გვიდგას დედა ეკლესია, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს სახელმწიფო რელიგიის სტატუსს. ეს ქვეყნის რეალური მმართველის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია, რომელსაც სრულიად ვეთანხმებით. ტრადიციულ ღირებულებათა დასაცავად კონტროლი უნდა დაწესდეს საზოგადოების გარეგნულ იერსახეზე. შესაბამისი სამსახურები უნდა შეიქმნას, რათა ყურადღება მიექცეს მოქალაქეთა ჩაცმულობას, ვარცხნილობას, გარეგნული იერსახის სხვა ატრიბუტებს.
სინდისის პოლიცია მიხედავს უსინდისოებს, ნამუსის პოლიცია უნამუსოებს, ხოლო ზნეობის პოლიცია უზნეოებს. კანონპროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. მსგავსი უწყებები წარმატებით საქმიანობენ ირანში, ტალიბანის ავღანეთში, აზიისა და აფრიკის მეგობარ სახელმწიფოებში. ეს ქვეყნები გადაურჩნენ ზნეობრივ გადაგვარებას და შეინარჩუნეს ტრადიციული ფასეულობები.
კანონის მიღება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან საჭირო გახდება წელიწადში 41 მილიონი ლარის გამოყოფა.
პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იქნება პირველი ტროლი-კანონპროექტი, რომელიც ამხელს და დასცინის უზნეო ხელისუფლებას და ამით ხელს უწყობს მის დასუსტებას. ეს კანონპროექტი საქართველოს გაუთქვამს სახელს და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება, როგორც პირველი ფეიკკანონპროექტი. კანონპროექტის ავტორი დამსახურებულად იქნება წარდგენილი ანტინობელის პრემიაზე”, – განაცხადა გოცირიძემ.