„თბილისში ვიმყოფებოდი ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, რა დროსაც შევხვდით საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ზოგადი კონტექსტი თქვენთვის ცნობილია. რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ფართოამასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცედენტო დონის სანქციები." – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს დაეკისროს დიდი ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად. ჩვენ განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას.
ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად. ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, იმ სენსიტიურ 38 პროდუქტთან დაკავშირებით. იგივეა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან. ჩვენ, გულწრფელად, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც იქნა მიღებული. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ჩვენ – ევროკავშირსა და საქართველოს, რომელიც, იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ სანქციების საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული, არ გახდეს დაბრკოლება ჩვენი ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბოლო ორ დღეში რაც ვიხილეთ, ამის საფუძველს არ იძლევა. ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი