„რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს, ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია, რომ არ გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებული ვითარება და თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ლანძღავდნენ, დღეს გაერთიანებას ცდილობენ.
"ეს ძალები გაერთიანებას ცდილობენ ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ. ცოტა უჭირთ, მაგრამ ეტყობათ დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის გარედან, ეს უსამშობლო ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ და საინტერესოა, დღეს ვინ არის რეალურად მათი მედროშე, ზურაბიშვილი, რომელიც თავისი “მარგალიტებით“ არის ცნობილი?“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, უზნეობაა სალომე ზურაბიშვილის ქცევა, რომელმაც ღირსების ორდენთან დაკავშირებით ადამიანები, რომლებმაც საქართველოს გაამარჯვებინეს, დაყო ვინ არის ორდენის მიღების ღირსი და ვინ - არა. ასევე, დიპლომატიურ კორპუსს დემარშისკენ მოუწოდა. „მას ეს არ გამოუვა, რადგან დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი მთავრობა თავის ადგილას მყარად დგას, თუმცა მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოქმედებს არა ქვეყნის კონსტიტუციით, არამედ გარედან მიღებული დავალებებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ არჩევნები ოქტომბერში სწორედ იმ შედეგით დასრულდება, რასაც ჩვენი საზოგადოება ისურვებს.
"ჩვენი საზოგადოებისთვის მარტივი გასარჩევია ვის უნდა მისცენ ხმა. ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ თავისი უწყვეტი პროგრესით, ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, საქართველოსთვის ზრუნვით, არა ვიღაცის ინტერესებით, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობით და მეორე მხარეს დგას პოლიტიკურად ამორალური, გაკოტრებული, ამორტიზებული ოპოზიცია, რომლის ადგილიც ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე არ არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.