„ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, შემწყნარებლობა. თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა და დაზღვევა, როგორც ჩვენი დღევანდელობის, ასევე, ჩვენი მომავალი თაობის“, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო რეგულაცია სჭირდება მსგავს პროპაგანდას, რომ დასრულდეს ტრადიციული ღირებულებების აღრევა.
"ამ გამოწვევებში და ინიციატივებში არ ვართ მარტონი, ვისაც გააზრებული აქვს თუ ამ პროპაგანდას რა პრობლემა მოაქვს სამყაროსთვის. ძალიან დიდი ფორუმები არსებობს მსოფლიოში, სადაც ერები ერთიანდებიან და ამბობენ, რომ წერტილი უნდა დაესვას ამ ტრადიციული ღირებულებების აღრევას და შეურაცხყოფას. ყველაზე დიდი უბედურება არის ამის მცდელობა, როგორც სკოლამდელი ასევე, სკოლის ასაკის ბავშვებთან. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფიზიოლოგიის პირობებში, რაც ადამიანის პიროვნულ განადგურებას და დაღუპვას იწვევს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ეს პროპაგანდა უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში, რასაც წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება.
„ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. გვაქვს ის წესი, რომლითაც მაქსიმალურად ვიცავთ ყველას უფლებას, მაგრამ ამავდროულად, თუკი უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, დამეთანხმებით, რომ უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს ისეთივე გარანტირებული, რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს, მათ თაობას საქართველოში არ შეექმნას პრობლემები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.