ხვალ პლენარულ სხდომაზე კენჭს ვუყრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
„დღეს 12:00 საათიდან კომიტეტები იმუშავებენ დარგობრივი მიმართულებებით. დღის ბოლოს გვექნება ბიუროს სხდომა, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას საკითხის პლენარულ სხდომისთვის გადაცემის შესახებ. ხვალ პლენარულ სხდომაზე კენჭს ვუყრით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობა უცვლელად არის წარმოდგენილი. რაც შეეხება სამთავრობო გეგმას, მასში მცირე ცვლილებებია წარმოდგენილი, მაგრამ ძირითადი პარამეტრები იგივეა, რაც იყო რამდენიმე თვის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების დროს“, - აღნიშნა გაბაიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობას სულხან თამაზაშვილი 7 აპრილის შემდეგ შეუდგება, რაც მას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
მანამდე კი მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა და პრემიერმა წარადგინეს.




