"უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს თუ ვის მხარეზეა საქართველოში რუსული რეჟიმი. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დგას საერთაშორისო წესრიგზე და უკრაინაში ახლა პუტინი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უკრაინის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით
"აქედან გამომდინარე, ჩვენი ეროვნული ინტერესია შენარჩუნდეს საერთაშორისო წესრიგი, უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, გაიმარჯვოს ამ ომში, რაც ერთ-ერთი გარანტორი და წინაპირობაა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, რომ საქართველომ მშვიდობიანი გზით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით:
"რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში.
მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას,“- აღნიშნა პრემიერმა.