აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიასთვის, კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები, გაუგებარი და უარგუმენტოა.
„ცალსახად მივესალმებით მოსმენის რეზიუმირებისას კონგრესმენების მიერ გაჟღერებულ სურვილსა და გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი, მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისია ხანგრძლივი დროით ესტუმრება საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ეს საშუალება იქნება მათთვის, რომ ადგილზე გაეცნონ რეალობას. ნამდვილად უსიამოვნო გახლდათ ის უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და, მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. გაუგებარია თუ რატომ ეკრძალება საქართველოს ჩინეთთან პარტნიორობა, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც კანდიდატ ქვეყნებს და მათ ლიდერებს ატალახებული აქვთ სი ძინპინის მოსაცდელი ოთახი, რათა რამენაირად გამოსტყუონ ზეპირი ან წერილობით პაქტი თუნდაც მეგობრობის შესახებ“, - აცხადებს ოდიშარია.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე თბილისის მიმართ მორიგი კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.