ანა ნაცვლიშვილი სიტყვით გამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გერმანიის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე იყო საუბარი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმნიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებმა გამართეს საგანგებო შეხვედრა, რომელშიც პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი და სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
„შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი ანტონ ჰოფრაითერი. შეხვედრაზე მიწვეული იყო „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ონლაინ ჩაერთო სხდომას.
ნაცვლიშვილმა ისაუბრა გაყალბებულ არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის მრავალგზის დარღვევაზე და რეპრესიებზე, რომელიც არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაუპირისპირა მოქალაქეთა უწვეტ და მზარდ პროტესტს, და, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
„ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და ისაუბრა იმ გამოსავალზე, რომელიც შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოში: პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა“.
„ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები ერთობლივად ვმუშაობთ და ვდგავართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში“, – აღნიშნა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.
მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვედრის დროს გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის, ისევე როგორც გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ახლა კიდევ მეტი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება გერმანიის მხრიდან.
„ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი იქნება მაგალითად, პერსონალური სანქციების დაწესება მათ მიმართ, ვინც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები შელახა და ქართველი ხალხის ნებას დაუპირისპირდა. ნაცვლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს ოცნების არალეგიტიმურ, მოძალადე რეჟიმს და აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი ამ დროისათვის არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ეს ასე დარჩება მანამ, სანამ ახალი ლეგიტიმური პარლამენტი არ აირჩევს ლეგიტიური ახალ პრეზიდენტს“,- აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.