კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალება ახალი, სამართლიანი არჩევნებია, რომელიც კიდევ უფრო გაამყარა საერთაშორისო დასკვნამ, რომელიც ეუთოს მისიამ დადო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამოსავალი იმ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც შექმნა “ოცნებამ”, რჩება იგივე - ეს არის ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც კიდევ უფრო გაამყარა საერთაშორისო დასკვნამ, რომელიც ეუთოს მისიამ დადო. ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც ვაგრძელებთ კოორდინაციას და ეს კოორდინაცია უკვე ინტენსიურ ეტაპზე გადადის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. სხვა გამოსავალი და განმუხტვის სხვა საშუალება, რომ ქვეყანა კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში დაბრუნდეს… [არ არის]. ყველა ნორმალური მოქალაქის ინტერესშია, აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც გააჩერა მოძალადე რეჟიმმა. კონსტიტუციური წესრიგის ერთადერთი საშუალებაა ახალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც მისცემს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ზეწოლის გაყალბების, არჩევნების მიტაცების გარეშე გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივ კიდევ უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.