ირაკლი კობახიძე მაინც პარლამენტის წიაღის კაცია, კარგად იცის, როგორ მუშაობს პარლამენტი. ეს არის წინაპირობა, კიდევ უფრო გამოიკვეთოს პარლამენტის როლი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გამოეხმაურა.

„ამ სამთავრობო ცვლილებებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ეს არ არის არსებითი ცვლილებები, ქვეყნისთვის და ხალხისთვის არაფერი იცვლება. მხოლოდ თავდაცვის მინისტრი გაუშვეს და რას აშავებდა ისეთს, რასაც სხვები არ აშავებდნენ? – ეს არ არის ფუნდამენტური ცვლილებები და მართლა საყურადღებო, ეს არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში წესრიგს ამყარებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის გემოზე ახორციელებს ცვლილებებს, თორემ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული საგარეო ხედვა ექნება თუ ეკონომიკური სტრატეგია? ირაკლი კობახიძე კარგად გაანალიზებს, რით გაანაწყენეს წინა პრემიერებმა ბიძინა ივანიშვილი, რა იყო მიზეზები და ეცდება პრევენციას, ისე მოიქცეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გაანაწყენოს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს რაღაც აბრაზებს, რადგან დროდადრო წკეპლით გამოვარდება და თავის პრემიერ-მინისტრებს დაერევა ხოლმე. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ერგო. ირაკლი კობახიძე მაინც პარლამენტის წიაღის კაცია, პარლამენტის თავმჯდომარეც იყო, კარგად იცის, როგორ მუშაობს პარლამენტი და ეს არის წინაპირობა, კიდევ უფრო გამოიკვეთოს პარლამენტის როლი. როგორ იყო აქამდე? – ღარიბაშვილი გაჯგიმული მოვიდოდა, მიგვლანძღავდა-მოგვლანძღავდა და წავიდოდა, დანარჩენში არაფერში ჩანდა. პრემიერის ანგარიშები რა იყო? – ოპოზიციის ლანძღვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.