უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოქმედებენ.
7 აპრილის ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღებული ძალების სარდალმა ოლქსანდრ სირსკიმ წარუდგინა მოხსენება ფრონტზე არსებული სიტუაციისა და რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების შესახებ.
"ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს საზღვრისპირა რაიონებში, მტრის ტერიტორიაზე და ეს აბსოლუტურად სამართლიანია. ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ამ მოქმედებების მთავარ მიზნად დაასახელა რუსი ოკუპანტებისგან უკრაინის სუმის და ხარკოვის ოლქების რაიონების დაცვა.
ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციის წყალობით შეამცირეს ზეწოლა ფრონტის სხვა მიმართულებებზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში. ბელგოროდის ოლქში აქტიურ მოქმედებებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა შეიარაღებული ძალების 225-ე მოიერიშე პოლკი და მის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
როგორც გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა ბელგოროდის ოლქში უკრაინელი სამხედროების ყოფნა.