უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის "ყველა ნორმას" უზრუნველყოფს.

"ყველამ მოისმინა, რასაც ხალხი ამ დღეებში - სოციალურ ქსელებში, ერთმანეთთან, ქუჩაში ამბობს. ეს არ არის უშედეგო" - თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ "არანაირი რუსული გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში არ მოხდეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმა შენარჩუნდეს".

НАБУ (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) და САП (სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა) ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ ზელენსკის ინიციატივას მიესალმნენ.