უკრაინელმა მფრინავებმა შესაძლოა ამ ზამთარში ამერიკული F-16-ის გამანადგურებლებით საბრძოლო ფრენები დაიწყონ. ამის შესახებ Wall Street Journal-მა კიევსა და დასავლეთში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
გამოცემის ცნობით, ეს უფრო ოპტიმისტური დროა, ვიდრე წინა შეფასებები იყო და შესაძლოა უკრაინას მნიშვნელოვანი ახალი პოტენციალი მისცეს 2024 წელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებისთვის.
გაზეთის წყაროების მიხედვით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უკრაინელი მფრინავები, რომლებიც ინგლისურად საუბრობენ, ხუთ თვეში - მომავალი წლის თებერვლამდე მოამზადოს. წვრთნებზე გაგზავნილი ჯგუფი 10-ზე ნაკლები პილოტისაგან შედგება, რომლებიც საკმარისად კარგად საუბრობენ ინგლისურად.
პენტაგონმა WSJ-ს კომენტარში განუცხადა, რომ ისინი ფრენის სასწავლად ტუსონის (არიზონა) ავიაბაზაზე გაემგზავრებიან.
იმავდროულად, გამოცემის ცნობით, ათობით უკრაინელი პილოტი სან ანტონიოში ინგლისური ენის სწავლას დაიწყებს.
გამოცემა წერს, რომ მფრინავების ენობრივი მომზადება მხოლოდ ერთ-ერთ დაბრკოლებად განიხილება, რომელიც ხელს უშლის უკრაინაში F-16-ის საბრძოლო გამოყენების დაწყებას.
თავად მოიერიშე თვითმფრინავებს ჰაერში გატარებულ ყოველ საათზე დაახლოებით 16 საათი ადგილზე მოვლა სჭირდებათ. ხოლო ტექნიკური პერსონალის მომზადება შეიძლება კიდევ უფრო რთული ამოცანა აღმოჩნდეს, ვიდრე უკრაინელი მფრინავების მომზადება.