წყალმომარაგების მიმართულებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე დასრულებულია კონკრეტული პროექტები, რომელთა საფუძველზეც 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დამატებით 3 ქალაქი.
„წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დღევანდელი მდგომარეობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დასრულდება მომავალი წლის ბოლომდე.
გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. ეს არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შედეგად, 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია წყალმომარაგებაში და ამ ყველაფრის შედეგად წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები აქედან 12 პროექტზე“, - განაცხადა პრემიერმა.









