გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) მოითხოვს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების გაფართოებას. მისი ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ღაზაში შედის მოსახლეობისთვის საჭირო სურსათის მხოლოდ 10% და რეგიონში საკვები პროდუქტების, მათ შორის, – პურის მწვავე დეფიციტია.
WFP აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორში პრაქტიკულად, აღარ არის სასმელი წყლის მარაგიც და ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა სრული შიმშილის ზღვარზეა.
ამჟამად ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება მხოლოდ ეგვიპტესთან საზღვარზე მდებარე რაფაჰის გამშვები პუნქტით. გაეროს სასურსათო პროგრამა ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს სხვა უსაფრთხო დერეფნის გახსნასაც. ღაზას სექტორი მეორე მხრიდან ესაზღვრება ისრაელს, რომელმაც რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გამშვები პუნქტი დაკეტა და ღაზას სექტორს ბლოკადა გამოუცხადა.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემებით, 21 ოქტომბრიდან, როცა ეგვიპტის მხრიდან რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა, ღაზას სექტორში შესული 1129 სატვირთო ავტომანქანიდან მხოლოდ 447-მა ჩაიტანა საკვები პროდუქტები.
16 ნოემბერს ღაზას სექტორში ისევ გაითიშა მობილური და სტაციონარული სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი. გაეროს სააგენტომ პალესტინელი დევნილების საკითხებში განაცხადა, რომ საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობის გამო 17 ნოემბერს შეუძლებელი იქნება რაფაჰის გამშვები პუნქტით ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მართვა და კოორდინაცია.
16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ არმია აკონტროლებს მთელ ტერიტორიას ღაზას სექტორის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით ქალაქ ღაზაში და სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადიან. ეს სავარაუდოდ, ნიშნავს შეტევას სამხრეთზე, სადაც ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ასეულობით ათასი პალესტინელიც იმყოფება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთისკენ ისრაელის არმიის გადაადგილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც უკიდურესად რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.