უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაში, ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. ამის შესახებ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი ცოტას საუბრობს იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას 2024 წელს და აღნიშნა, რომ გასული ზაფხულის კონტრშეტევამდე ინფორმაციის გაჟონვა რუსეთს თავდაცვისთვის მომზადებაში დაეხმარა.
მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაში ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.
ზელენსკის თქმით, ოკუპირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება "ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად."
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია "მსოფლიოს მაგალითს" მისცემს და ასევე დიდ ეფექტს მოიტანს რუსეთის შიგნით - კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ელემენტის დაკარგვა აჩვენებს, რომ "ათასობით რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო."
ამასთანავე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი წარმატების სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. მან უკრაინისთვის გერმანული წარმოების შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტის, Taurus-ის გადაცემა მოითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან შესაძლოა უკრაინას ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას გამოიწვევს.
"რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია," - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მისი თქმით, დაუყოვნებლივი ამოცანა სახმელეთო ომში "აღმოსავლეთის დაცვა იქნება, უკრაინის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქების გადარჩენა, აღმოსავლეთი და სამხრეთი, ხარკოვი, დნიპრო, ზაპორიჟიე, ხერსონი, მიკოლაივი," ასევე უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა.