დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას Tbilisi Art Fair-2026-ს ესტუმრა, რომელშიც თბილისის მერიის „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ მონაწილეობს.
კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ სტენდზე წარმოდგენილია ფონდის 2024–2026 წლების პროგრამის შეჯამება. კერძოდ, ასახულია როგორც შესრულებული პროექტები, ასევე მიმდინარე სიახლეები და ინიციატივები, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე განხორციელდება.
საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერის ელენე კაპანაძის თქმით, ასეთ სახელოვნებო ღონისძიებაში მონაწილეობა ფონდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება სახელოვნებო კალენდარში. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეა, სხვადასხვა თაობის ხელოვანები, მათ შორის არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ხელოვანები. ვფიქრობ, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდისთვის“ მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნა ელენე კაპანაძემ.
ფონდის სტენდის ავტორია არქიტექტორი დავით ბროდსკი, ხოლო დიზაინი და ექსპოზიცია შთაგონებულია შოთა იათაშვილის ლექსით „დიაგონალი“.
საერთაშორისო ბაზრობა Tbilisi Art Fair-2026 დღეს დაიხურება.









