უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მისი პარტნიორებისგან მიწოდებულ იარაღს სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე არასოდეს გამოიყენებს.
როგორც ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე – 2024 წლის 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევი ამ იარაღს მხოლოდ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით გამოიყენებს.
„უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, ამის უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს არსად, გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც დროებით [რუსეთის მიერაა] ოკუპირებული“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები, რათა სამოქალაქო პირები და ჯარისკაცები დაიცვას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინა მოკავშირეებს შორი მოქმედების ATACMS-ის რაკეტებით უზრუნველყოფას მუდმივად სთხოვს.