უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია სოლედარზეა მიმართული.
ამის შესახებ მან ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სოლედარში განადგურებულია თითქმის ყველა შენობა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი დონბასის გათავისუფლება იქნება.
ზელენსკის თქმით, მან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში არსებული ვითარება სამხედრო მეთაურებთან განიხილა. ფრონტის ყველაზე ცხელ მიმართულებებად მან ბახმუტი, სოლედარი, კრემენაია და სვატოვო დაასახელა.
„ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტის ყველაზე დიდი ძალისხმევის კონცენტრაცია სოლედრაზეა, ამ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მაინც მთელი ჩვენი დონბასის გათავისუფლება იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ სიმტკიცეს ავლენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების ახალ და სულ უფრო სასტიკ შტურმებს. ეს ძალიან მძიმეა: თითქმის არ დარჩა მთლიანი კედელი. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალები. რისი მოგება სურდა იქ რუსეთს? იქ ყველაფერი დანგრეულია, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.