უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, ომის მომავალ წელს დასასრულებლად, ხოლო 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები ომის დასრულების შესახებ.

„მე მსურს ვიხილო, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინადადებები. ვფიქრობ, ამ წინადადებებს უკვე იანვარში ვიხილავთ. მჯერა, გვექნება ამ ომის დასრულების გეგმა. დარწმუნებული ვარ, გვაქვს ყველა შანსი, მომავალ წელს ამის გასაკეთებლად. არსებობს შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ნაბიჯზე არ წამოვა. მაგრამ არსებობს გაერო-ს წესდება და ჩვენი ყველა ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება, პარტნიორების მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეხვედრის ლეგიტიმურობაზე, თუმცა მოსამზადებელი შეხვედრები შესაძლებელია ინაუგურაციამდეც.

„არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, არ მაქვს მონაცემები, გუნდები მუშაობენ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ გრაფიკებზე, ეს დამოკიდებულია შესაბამისი შეხვედრების ჩატარების ლეგიტიმურობაზე, თუ გვსურს შეხვედრები, სადაც რაიმე საკითხები წყდება, ეს ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. თუ გვექნება რაიმე მოსამზადებელი შეხვედრები, ისინი შეიძლება ინაუგურაციამდეც გაიმართოს“, – განაცხადა მან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრამდე მნიშვნელოვანია არ მიეცეს შესაძლებლობა, „ამა თუ იმ ტალღებს, ამა თუ იმ გარემოცვას დააპირისპირონ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები“.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის მსურველი ბევრია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი