მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც ხელს გვიშლის რუსეთის პოზიციების შესუსტებაში.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც ხელს გვიშლის რუსეთის პოზიციების შესუსტებაში, როგორც ამას ომის მიმდინარეობა მოითხოვს. ჩვენი მეომრების სიმამაცე, ჩვენი საბრძოლო დანაყოფების გამძლეობა ამჟამად აკომპენსირებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან საჭირო გადაწყვეტილებების ნაკლებობას. მთელი მსოფლიო ხედავს, რამდენად ეფექტურები არიან უკრაინელები – მთელი ერი, როცა იცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ჩვენ შევძლებდით ოკუპანტისთვის არ მიგვეცა წინსვლის შესაძლებლობა, თუ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები საკმარისი იქნებოდა. განვაგრძობთ ამ კუთხით დიპლომატიურ მუშაობას. დაჟინებით მოვითხოვთ თამამ ნაბიჯებს, თამამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვჭირდება ის, რაც ნამდვილად ცვლის ომის მიმდინარეობას, რაც მიგვიყვანს სამართლიან მშვიდობამდე. გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც ნამდვილად შეუძლია დახმარება. აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და სხვა პარტნიორები”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ჯარისკაცებს საჭირო იარაღი მიაწოდონ.
„დღეს ალქსანდრ სირსკიმ გაავრცელა ინფორმაცია კურსკის რეგიონში ჩვენი წინსვლის შესახებ. ოპერაცია ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ველოდით. უკრაინელების სიმამაცე დიდ წარმატებას მიაღწევს. ახლა ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამას უზრუნველყოფს. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ დანაყოფს, რომელიც ავსებს ჩვენს ფონდს ახალი რუსი სამხედრო ტყვეებით. ეს მნიშვნელოვანია. ეს აჩქარებს ჩვენი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას რუსული ტყვეობიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი