უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო შეხვედრაზე კურსკის რეგიონში, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო კომენდატურის შექმნის საკითხი განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ალექსანდრ სირსკი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი.
შეხვედრაზე ვოლოდმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მკაცრად ასრულებს საერთაშორისო კონვენციებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს.
ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ტერიტორიაზე „ბუფერული ზონა“ შექმნეს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის აუცილებელი საკვების, მედიკამენტების და სხვა ნივთების მიწოდება.
როგორც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, აღნიშნულ ზონაში რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად. მისივე თქმით, მითითებულ ზონაში უკრაინელი სამხედროები გეგმავენ ჰუმანიტარული ოპერაციების ჩატარებას, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას მოსახლეობის ევაკუაციისთვის, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მიმართულებით.
გარდა ამისა, ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, მითითებულ ზონაში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვება იგეგმება.
თარგმანი: პირველი არხი