ჩვენი მიწიდან ოკუპანტის გასაგდებად, რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ქმედებები არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც უკრაინის პირობებით ომის დასრულებაზეა მიმართული. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კურსკში ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის შექმნა, რათა მომიჯნავე ოლქიდან უკრაინული ტერიტორიების დაბომბვა აღკვეთონ.
„მე ახლახან დავბრუნდი ჩვენი სუმიდან, სასაზღვრო რაიონიდან, იმ რაიონებიდან რომლებიც ემეზობლება მტრის საზღვარს და საიდანაც ჩვენი დანაყოფები წარმოუდგენლად ეფექტურად პასუხობენ რუსეთის შემოჭრას. ომს ვგზავნით იქ, საიდანაც რუსეთმა ის ჩვენს ტერიტორიაზე შემოიტანა. მას სახლში ვაბრუნებთ. ეს აბსოლუტურად სამართლიანია. თუმცა ამის გარდა, ეფექტურიც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტის ჩვენი მიწიდან გასაგდებად, რუსეთს რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ საკუთარ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი