რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ 2022 წელს უკრაინაში, სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დროს, კიევის „შტურმით“ აღებას არ აპირებდა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიa RIA იუწყება.
„რუსული ძალები კიევთან 2022 წლის მარტში იდგნენ, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში შეტევაზე საუბარი არ ყოფილა, არ იყო არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება სამმილიონიან ქალაქზე შტურმის შესახებ, ეს იყო მშვიდობის დამყარების ოპერაცია“ - თქვა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კიევმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში ომი თავად წამოიწყო, რადგან ამ რეგიონებს დამოუკიდებლობა სურდათ.
„დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებს ჰქონდათ უფლება, გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, მაგრამ კიევის რეჟიმმა მათ წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთის ფედერაციას არ დაუწყია ომი უკრაინაში, ეს იყო კიევის რეჟიმი, რომელმაც დაიწყო და აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს. ეს არის აგრესია“, - განაცხადა პუტინმა.