ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ ხმების 62.9% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%.
ვაშინგტონამდე ჩატარებულ რვავე პირველად არჩევნებში, მათ შორის ჰეილის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაში ტრამპმა გაიმარჯვა.
პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად დემოკრატების მიერ ჩატარებულ პირველად არჩევნებში ჯერჯერობით ყველგან გაიმარჯვა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
5 მარტს პირველადი არჩევნები ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება. პროცესი ივნისში დასრულდება, ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.