თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა.

პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრო. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, ბრალდების მხარემ დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს სასამართლოში წარმოდგენილი გვყავდა 5 მოწმე. 5-ვე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება უშუალოდ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს. ერთი რამ ცხადად შემიძლია განგიმარტოთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბრალად წარდგენილ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია," - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა.

სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.