ესტონეთის პარლამენტში მისულ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კაია კალასისთვის საქართველოზე კითხვის დასმის პასუხით უკმაყოფილო დეპუტატმა ვარო ვიოოგლაიდმა თავის პოზიცია კიდევ უფრო მკაფიოდ და მძაფრად გამოხატა და კალასის მთავრობის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრის ქცევა შეაფასა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის უმთავრეს პრინციპების, მათ შორის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დამანგრეველი.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კაია კალასმა უარი თქვა შეფასებაზე, ვარო ვოოგლაიდი ისე ჩაეძია მას.
განვაგრძოთ იქიდან, სადაც ადრე შევჩერდით. როცა ჩემი შეკითხვა დავსვი, აღვნიშნე, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ძალიან მტკივნეულად რეაგირებდა ანტისამთავრობო დემონსტრაციებში თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს წაჰკნას წამქეზებლურ სიტყვებზე. სხვათა შორის, მან თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებში ზოგიერთმა ფიგურამ თავს რიტორიკით ზედმეტად გატაცების უფლება მისცა. სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ ისინი (გულისხმობს ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილე უცხოელი პოლიტიკოსების მსგავსად მოაზროვნეებს - „აიპრესი") იქამდე მიიყვანა, რომ ვინც მათ რიტორიკას არ მისდევს, ავტომატურად ხდება მტერი, მტრებს კი უნდა ვებრძოლოთ ყველანაირი საშუალებით და დიპლომატია უნდა შეიცვალოს პროპაგანდით.
ახლა პაპუაშვილმა ცხადად განმარტა, რომ დემონსტრაციაზე ცაჰკნას გამოჩენას საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად განიხილავს და მის ამ სიტყვებს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავეთანხმოთ.
აი, თქვენ, - გადავხედე ჩანაწერს, - მე მიპასუხეთ, ციტირებას ვახდენ: „მე არ ვიტყოდი, რომ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად არის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში". ამასთან, თქვენგან უპასუხოდ დარჩა კითხვები, რას იტყოდით თუ, მაგალითად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ მოვიდოდა ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სტენბოკის (მთავრობის კანცელარიის შენობა) წინ და თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდოდა. იტყოდით, არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაიმე სახით ჩარევა ესტონეთის საშინაო საქმეებში? თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ იმ პოზიციაზე, რომ თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა სხვა ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში არ არის შიდა საქმეებში ჩარევა და პირიქით.
ვარო ვოოგლაიდს მესამედ დასჭირდა იგივე კითხვის დასმა.
ახლა გადავიდეთ მესამე ტესტზე და ასე დავსვათ კითხვა: თქვენ ასევე მოიწონებდით, თუ მესამე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მივიდოდნენ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ თქვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე და ხალხს წააქეზებდნენ თქვენი ხელისუფლების დასამხობად? სწორედ ეს გააკეთა თბილისში თქვენი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, წაჰკნამ. ასეთი ქცევა ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის უმთავრეს პრინციპებს, მათ შორის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს.
ჩვენ, ოპოზიციაში, შეიძლება ძალიან კრიტიკული ვიყოთ სხვადასხვა კანონპროექტების მიმართ, რომელსაც თქვენი მთავრობა აწესებთ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები აქ არ მოვიდნენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით. ეს უბრალოდ მიუღებელია. თქვენ იცით, რომ ეს პრინციპის საკითხია. თქვენ არცერთხელ არ უპასუხეთ კითხვას იმ შესახებ, რომ თუ მოიწონებით წაჰკნას ქცევას საქართველოში, ასევე მოიწონებდით თუ არა საქართველოს ან უნგრეთის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავს ქმედებებს თქვენი მთავრობის მიმართულებით. თუმცა ვიცი, რომ, მაგალითად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავსს არასდროს გააკეთებს. როდესაც მას ბუდაპეშტში შევხვდით, მან თქვა: „თუ რომელიმე ჩვენი დიპლომატი რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას მასპინძელ ქვეყანაში გამართულ პოლიტიკურ დემონსტრაციაში, მას პირველივე დღეს მოხვდება თავში ჩექმა, რადგან იქ სათამაშო ადგილი არ არის, ამას ჩვენ არ მოვითმენთ".
ახლა, მოდით, ამაზე ვისაუბროთ. თქვენ თქვით, რომ მარინ ლე პენი მოვიდა ჩვენთვის მხარდაჭერის გამოსახატავად. ჯერ ერთი, ეს სრულიად შეუსაბამო მაგალითია. მარინ ლე პენი არასოდეს ყოფილა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი. მეორეც, ის აქ არცერთ პოლიტიკურ დემონსტრაციაში არ მონაწილეობდა. ასე რომ, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი (მარინ ლე პენი 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ჩავიდა ესტონელ კონსერვატორებთან მოსალაპარაკებლად, ვარო ვოოგლაიდი პარლამენტარი კონსერვატიულ-სახალხო პარტიის სიით გახდა, თუმცა პარტიის წევრი არაა - „აიპრესი").
და ბოლოს, ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რატომაა ეს კანონი პრობლემა საქართველოში. შეერთებულ შტატებს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც მოითხოვს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში. არსებითად, ზუსტად იგივე კანონია. რატომ შეიძლება ასეთი კანონის მიღება აშშ-ში და არ შეიძლება საქართველოში? და მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ასეთი კანონი ესტონეთმაც და ვიცოდეთ, რომელია ის ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და რომლებიც ამავდროულად ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე. ჩემი აზრით, საკმაოდ გონივრული კანონია