აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსულმა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ დადგა დრო გაერთიანების არა დემოკრატებად და რესპუბლიკელებად, არამედ ხალხისთვის შედეგის მოტანის სურვილით შეპყრობილ ამერიკელებად.

ყველაფერს თავის დრო აქვს. აგიტაციის დრომ განვლო, არჩევნები დასრულდა და ახლა ამერიკელი ხალხი მოელის, რომ მის მიერ არჩეული წარმომადგენლები შეიხსნიან პარტიულ ორპირ მახვილებს და ჩაჰკიდებენ ხელს ორპარტიულ სახნის-საკვეთებს. დადგა ის დრო, როცა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა დემოკრატებად ან რესპუბლიკელებად, არამედ ამერიკელებად, რომლებსაც ადამიანებისთვის შედეგის მოტანა სურთ, - განაცხადა ჰაკიმ ჯეფრისმა.

მისი თქმით, დემოკრატები გულმოდგინედ იმუშავებენ იმისათვის, რომ იპოვონ ორმხრივი საერთო პოზიცია ჩვენს რესპუბლიკელ კოლეგებთან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, როცა და სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება, რათა გააუმჯობესონ რიგითი ამერიკელების ცხოვრება.

ამასთან, მან გააფრთხილა რესპუბლიკელები, რომ მათ მიერ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად, დემოკრატები, საჭიროების შემთხვევაში, საკადრის პასუხს გასცემენ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმს და დაიცავენ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა და Medicare - 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის ფედერალური პროგრამა.

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მიუღებელია სოციალური უზრუნველყოფის შემცირება, Medicare/Medicaid შემცირება, ვეტერანთა შეღავათების შემცირება ან ბავშვებისა და ოჯახებისთვის სასურსათო დახმარების შემცირება და ამის ხარჯზე მილიარდერების და უმდიდრესი კორპორაციებისთვის უზარმაზარი საგადასახადო შეღავათების დაწესება, - თქვა ჯეფრისმა.