უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 თებერვალს, ღამით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდის, "ცეზარ კუნიკოვის" განადგურების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ნაწილებთან ერთად, დამპყრობლების დიდი სადესანტო ხომალდი "ცეზარ კუნიკოვი" გაანადგურეს." - ნათქვამია განცხადებაში.
ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.
სადესანტო ხომალდის ეკიპაჟი 87 ადამიანია, მას 147 მედესანტის და 650 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, "ცეზარ კუნიკოვი" ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა და სადესანტო გემ "სარატოვის" ჩაძირვისას, 2022 წლის მარტში დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს ღამით, საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, 6 დრონი ჩამოაგდო შავ ზღვაში.