თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო 37 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ხელისუფლებამ გამოავლინა 261 ანგარიში სოციალურ მედიაში, რომელთაგან 62 საზღვარგარეთ იყო დაფუძნებული, სადაც ვრცელდებოდა "პროვოკაციული პოსტები დანაშაულისა და სიძულვილისკენ წაქეზებით".
მინისტრის ინფორმაციით, ეკრემ იმამოღლუს დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელ X-ზე ამის შესახებ 18,6 მილიონი პოსტი გამოქვეყნდა. იერლიკაიას განცხადებით, კიბერდანაშაულის დეპარტამენტისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დააკავეს 37 ეჭვმიტანილი, მიმდინარეობს სხვა ეჭვმიტანილების გამოსავლენად მუშაობა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.