საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ ნანახ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამერიკელ დიპლომატებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავალებს, „თავი აარიდონ კომენტარების გაკეთებას საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან ან მიუკერძოებლობასთან, მის ლეგიტიმურობასთან ან შესაბამისი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე აზრის გამოთქმას“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააკეთოს, თუ „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკაფიო და დამაჯერებელი ინტერესი არსებობს ამის გასაკეთებლად“, - ნათქვამია მემორანდუმში და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპზე ყურადღების გამახვილებით არის განპირობებული. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გამარჯვებულისთვის მილოცვით და თავიდან უნდა იქნეს აცილებული საარჩევნო პროცესის ნებისმიერი შეფასება.
ეს მორიგი ნაბიჯია პრეზიდენტ ტრამპის დროს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების გადალაგების, რაც მოიცავდა „იუსაიდის“ და „ამერიკის ხმის“ მთავარი სააგენტოს დაშლას, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში პერსონალის მნიშვნელოვან შემცირებას.
შეერთებული შტატები ტრადიციულად ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ასევე პრესის თავისუფლების ხელშეწყობას საგარეო პოლიტიკის ძირითად მიზნებად მიიჩნევდა, თუმცა კრიტიკოსებმა არაერთხელ მიუთითეს ვაშინგტონის ორმაგ სტანდარტებზე მისი მოკავშირეების მიმართ. ტრამპის მმართველობის დროს ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად ემიჯნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და ამას ძირითადად სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. მაგალითად, მან ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ბიუროს რეორგანიზაციისთვის, რომელიც, მისი თქმით, „მემარცხენე აქტივისტებისთვის „განმანათლებლობის“ მოწინააღმდეგე ლიდერებზე შურის საძიებელ პლატფორმად იქცა“. ტრამპის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ ისაუბრეს ევროპულ პოლიტიკაზე და დაგმეს ის, რასაც ისინი მემარჯვენე ლიდერების - მათ შორის, რუმინეთის, გერმანიის და საფრანგეთის - წინააღმდეგ მიმართულ დევნად მიიჩნევენ, და ევროპის ხელისუფლებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით ისეთი შეხედულებების ცენზურაში ადანაშაულებენ, როგორიცაა იმიგრაციის კრიტიკა.