სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის გამარჯვება უკვე მიულოცა ამომრჩევლებს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე პრეზიდენტად და 45-ე პრეზიდენტად", – მიმართა მან თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას.
"ყოველ დღე ვიბრძოლებ შენთვის, შენი ოჯახისთვის და შენი მომავლისთვის. მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა", - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 267 ელექტორალური ხმით ლიდერობს, ჰარისს კი 224 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს მხოლოდ სამი საარჩევნო ხმის მოპოვება სჭირდება პრეზიდენტობისთვის.
1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.
დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს ჰარისის სიტყვით გამოსვლა არ იქნება. ბევრმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.