სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის გამარჯვება უკვე მიულოცა ამომრჩევლებს. მისი თქმით, "ეს ამერიკისთვის ნამდვილად ოქროს ხანა იქნება".
"მთელი ჩემი ენერგიით, ყოველ დღე ვიბრძოლებ თქვენთვის. არ მოვისვენებ მანამ, სანამ ამერიკა ძლიერი, უსაფრთხო და აყვავებული არ გახდება, როგორსაც ახალი, მომავალი თაობა იმსახურებს. ეს ნამდვილად იქნება ოქროს ხანა ამერიკისთვის. ეს გამარჯვება რესპუბლიკელებს საშუალებას მოგვცემს, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. ამერიკამ უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი მოგვანიჭა", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 267 ელექტორალური ხმით ლიდერობს, ჰარისს კი 224 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს მხოლოდ სამი საარჩევნო ხმის მოპოვება სჭირდება პრეზიდენტობისთვის.
1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.
დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს ჰარისის სიტყვით გამოსვლა არ იქნება. ბევრმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.